ქართული | English |

 

1878-1943


ნატალია აზიანი (დონდაროვა) 1878 წლის 4 იანვარს ქალაქ გორში დაიბადა.


პირველი პიესა „ინჯილერი ან დოხტური“, რომელმაც  “ივერიის“ რედაქტორის, ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა, მან 1897 წელს დაწერა. თავის მხრივ, ილიამ ნაწარმოები ქართულ დრამატულ საზოგადოებას გადასცა, რომელმაც იგი სცენაზე 1898 წელს დადგა.


ნატალია აზიანი ასევე ავტორია შემდეგი პიესებისა - „ფული და ხარისხი“, „გაცრუებული იმედები“, „ხან ისე და ხან ასე“, „ვაი კალმისაგან“, „პოლიტიკური დურაჩკა“, „სამშობლოს ბურჯნი“, „ცოდვა“ და „დეზერტიკა“. მის კალამს არაერთი სატირული ფელეტონი და მოთხრობა ეკუთვნის.

 

 

გაზეთი "ივერია" #8,  13 იანვარი, 1898

 

"ეს პიესა [„ინჯილერი ან დოხტური“] ეკუთვნის ერის ახალგაზრდა სომეხ-ქალს და საკმაოდ ნიჭიერად არის დაწერილი თუ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ ეს პიესა პირველი ნაბიჯია ამ ახალგაზრდა ქალისა სალიტერატურო ასპარეზზედ. ჩვენის აზრით, ორიგინალ პიესათა შორის ამ წელს ამისთანა პიესა არც ერთი არ წარმოუდგენიათ"...

 


გაზეთი "ივერია" #12, 18 იანვარი, 1898

 

"ქართულს მწერლობას საზოგადოდ და ქართულს თეატრს კერძოდ უნდა მივულოცოთ შეძენა ახალის უტყუარის და ჭეშმარიტის ნიჭერებისა. ეს ნიჭიერი და დიდის იმედების აღმძვრელი კალამი არის - კალამი ახალგაზრდა ავტორის ქალისა აზიანისა...


მოგვეწონა უპირველესად იმიტომ, რომ პიესა აზიანისა არის ფურცელი, ამოგლეჯილი ნამდვილის ჩვენის დროის ცხოვრების წიგნიდგან, სურათი არა შეთხზული, არამედ, თითქოს, გადმოწერილი ცხოვრებიდგან... თქვენდა უნებურად გადასდიხართ იმ წრესა და სფერაში, სადაც კაცური კაცობა, ჭკუა, გონება, ნამუსი, წარსული, მომავალი, თვით სათნოება, თვით ღმერთი იზომება და ფასდება ფულით. საცა ფულია, იქ ყველაფერია, იშოვე-კი ფული, და მწყერსამც წაუღია საშუალება, რომლითაც მას იშოვი...


აი, ჩვენის ფიქრით, პირველი და უაღრესი საბუთი უტყუარის ნიჭიერებისა. ჩვენ არა ვართ ჩვეულნი და განებივრებულნი ქართულს სცენაზედ ცხოვლად დახასიათებულ ადამიანების ხილვით; უფრო ხშირად ჩვენ ვხედავთ კარრიკატურებს...


ერთი ადამიანი, კერძო კაცი არ შეადგენს არც მასალას, არც ინტერესს საზოგადოებისას და ლიტერატურისას. ნიჭიერია იგი ავტორი, რომელიც ათასფეროვანს ცხოვრებაში იპოვის საზოგადო მოვლენას, ტიპს... ქ-ნი აზიანი იმითი არის შესანიშნავი, რომ შექმნა ლიტერატურაში ახალი ტიპები. ცხოვრებამ დიდი ხანია შეჰქმნა იგინი, მხოლოდ ლიტერატურაში მათის დახასიათების პატივი ეკუთვნის ქ-ს აზიანს და აი მისის ნორჩის კალმის უეჭველი ნიჭერებაც!..


კვლავ ქ-ნ აზიანის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ ზნეობრივი ზეგავლენა მისის პიესისა მაყურებელზედ საუცხოვოა."


გაზეთი "ივერია" #12, 18 იანვარი, 1898

 

 

 

ინტერვიუ ქალბატონ დემოკრატიასთან


ავტორი: აზიანი


_"რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ, ქალაქის საუკეთესო ნაწილში, შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?!.


მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისათვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია... ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება...


_მაშ, რაც ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს, შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?! - ვკითხე მე აღშფოთებულმა.


_შენ არ მომიკვდე, რომ თვალით არ მინახავს! - გულწრფელათ წამოიძახა ქ-მა დემოკრატიამ ...  ეგ არაფერი, - დაუმატა მან ოხვრით -უბედურობა ის არი, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას? რა ვიცი, ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ახლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?...


_აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! _ შევძახე მე სიბრალულით და ნაღვლიანათ დავბრუნდი სახლში“.


გაზეთი "საქართველო" #173, 23 დეკემბერი, 1920 

 


გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE