ქართული | English |

1849-1932


ევროპულ განათლების სისტემას შვეიცარიასა და საფრანგეთში გაეცნო. თარგმნა არაერთი პუბლიკაცია, რომელიც ბავშვთა აღზრდის, პედაგოგიკისა და ბიბლიოთეკების საკითხებს უკავშირდებოდა.


1872 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ქალთა წრე, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას და ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა.


1881-1884 წლებში თანამშრომლობდა გაზეთებთან “დროება” და “ივერია”, სადაც პუბლიცისტურ წერილებსა და მოთხრობებს აქვეყნებდა.


1884 წელს მისი ხელშეწყობით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სოფელ ხელთუბანში სკოლა გაიხსნა. 1886 წელს კი ანასტასიას ინიციატივით, დაარსდა “მასწავლებელ ქალთა საზოგადოება”, რომელსაც იგი 33 წელი თავმჯდომარეობდა. საზოგადოებამ მოხუც პედაგოგ ქალთათათვის თავშესაფარი და ქალთა დაწყებითი სასწავლებელი ააშენა. იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” აქტიური წევრი.


1890 წელს მისი თაოსნობით, დაარსდა და მისი რედაქტორობით საბავშვო ჟურნალი “ჯეჯილი” გამოდიოდა.1891 წელს ცნობილ ქართველ მწერალ გიორგი წერეთელზე დაქორწინების შემდეგ, 1893-1904 წლებში მეუღლესთან ერთად გაზეთ “კვალის” რედაქტორ-გამომცემელი იყო.


1908 წელს დააფუძნა საზოგადოება “განათლება”, რომლის სკოლამ პირველად ქართულ ენაზე სწავლების სისტემაზე სრულად გადასვლა შესძლო. ამასთანავე ორგანიზაციის არსებობის 15 წლის განმავლობაში პირველი სამხატვრო სახელოსნო სასწავლებელი და ქალთა ქართული საოსტატო პირველი სემინარია დაფუძნდა.

 


დროება #7, 10 იანვარი, 1909


პატარა შენიშვნა

(წ.-კ. გამავრც. საზ. საგანგებო კრების შესახებ)


..."ყველამ კარგად ვიცით, რომ სკოლების დაარსება ჩვენში ძალიან ძნელია და წერა-კითხვის გავრცელება უფრო სახალხო წიგნების მიწოდებით შეიძლება. ამისათვის უსათუოდ საჭიროა, ჩვენის აზრით, იყოს ცალკე სექცია და თვით ამ სექციას უნდა ჰქონდეს სამი მიზანი: 1. პოპულარულ წიგნების არჩევა და მომზადება; 2. ჩვენი ლიტერატურის გაცნობა სახალხოდ და 3. მსოფლიო ლიტერატურის გადაცემა. ამ სექციას სრული უფლება უნდა ჰქონდეს მოითხოვოთ, რომ მის მიერ შემუშავებული  და არჩეული მასალა არ დააბრკოლოს გამოსაცემად არც გამგეობამ უფულობით და არც ადმინისტრაციამ გამოუცემლობით... სექციებს ამ მხრით სრული უფლება უნდა ჰქონდეთ - თვით მასწავლებლის წარდგენისა - გამგეობამ მხოლოდ უნდა დაამტკიცოს. კარგი იქნება თუ სასკოლო სექცია ყურადღებას მიაქცევს მოძრავ-სკოლებსაც".


ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა


 

ამირანი #121, 30 ივლისი, 1908

 

"თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ხსენებული ჟურნალი დაარსდა რუსეთში და კერძოდ საქართველოში გამეფებულ საშინელ რეაქციის ხანებში, როდესაც გამარუსებელი პოლიტიკა გულს უღრღნიდა სკოლას და სწავლა-აღზრდის დიად საქმეს აცლიდა უმთავრეს საფუძველს _ სამშობლო ენას, ჟურ. „ჯეჯილის“ დამაარსებელ ხელმძღვანელს დიდ გმირობად უნდა ჩაეთვალოს სწორედ ასეთ საშინელ პირობებში სახალხო განათლების ასპარეზზე სამოღვაწეოდა გამოსვლა და სამშობლო ენაზე საბავშო ჟურნალის გამოცემის საშუალებით ბნელ რეაქციასთან და გამარუსებელ პოლიტიკასთან ბრძოლა; მით უმეტეს, რომ ამ დიდ საქმეს ჟურნალის ხელმძღვანელი, დამაარსებელი და რედაქტორი ანასტასია წერეთლისა ემსახურება სრული 30 წელიწადი"...


ვ. ობჩელი [ვარლამ ბურჯანაძე]

 

 

 

„ჩემი გულის ამონაკვნესი“

ავტორი: ანასტასიაწერეთლისა

 

"კულტურულ მუშაობას, სადაც ქალებს უპირატესობა მიენიჭება, სამზღვარ გარეთ როგორც სოციალისტებთა შორის, ისე სხვა მმართველობა დიდათ აფასებს. ჩვენში კი სასაცილო გახდა. მაგრამ ვერ გამიგია ნუთუ საქართველოს არა ჰყავს ისეთი ქალები, რომელნიც თავიანთი კალმით, თავიანთი მწერლობით ებრძოდენ მონობას და ცდილობდნენ საქართველოს ბედნიერებაზე. ზოგი მათგანი გაზეთ-ჟურნალებში თავგანწირვით ემსახურებოდნენ, რომ ჩაენერგათ მომავალ თაობისთვის ბორკილის დამსხვრევა...

 

უნდა გახსოვდეთ, რომ არა სოციალისტ ქალებსაც ნაკლები ღვაწლი არ მიუძღვით საქართველოს წინაშე, რომ მათაც თავისუფლების საძირკველში ჩადებული აქვთ აგური, რომლის მნიშვნელობას დღევანდელი მმართველნიც ვერ ჰყოფენ“...

 

საქართველო#126, 20 ოქტომბერი, 1920



უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE