ქართული | English |

 

1881 – 1851

ეთელ ანაკინი სნოუდენი (ვიკონტესა სნოუდენი) ბრიტანელი სოციალისტი პოლიტიკოსი და ფემინისტი იყო. საშუალო კლასის წარმომადგენელი რადიკალი პასტორის ზეგავლენით, ქრისტიან-სოციალისტი გახდა და თავდაპირველად, ლივერპულის ღარიბ უბნებში ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას ან მოხმარებისგან სრულ თავშეკავებას ქადაგებდა. იგი ჯერ ფაბიანელთა საზოგადოებას მიემხრო, შემდეგ დამოუკიდებელ ლეიბორისტულ პარტიას. შემოსავლის წყაროს ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ლექციების კითხვა წარმოადგენდა. პირველ მსოფლიო ომამდე, სნოუდენი ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იყო. შემდეგ მან ქალთა სამშვიდობო კამპანია წამოიწყო, რომელიც ომის წინააღმდეგ ილაშქრებდა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებებით გამოდიოდა. საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შემდეგ, იგი ამ ქვეყნის სისტემის მკაცრი კრიტიკოსი გახდა, რამაც ის ბრიტანელ მემარცხენეებს შორის არაპოპულარული გახადა.


ანაკინი ცოლად ლეიბორისტული პარტიის ცნობილ პოლიტიკოსს და მომავალ ფინანსთა მინისტრს, ფილიპ სნოუდენს, გაყვა. 1920-იან წლებში იგი BBC-ის სამეურვეო საბჭოს წევრად და სამეფო ოპერის დირექტორად დაინიშნა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ ჩაერთო ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების კამპანიაში და ჟურნალისტიკას მიუბრუნდა.


ეთელ სნოუდენი 1920-იან წლებში საქართველოს რამსეი მაკდონალდსა და  ტომ შოუსთან ერთად ეწვია, საკუთარი შთაბეჭდილებები კი გაზეთ "მანჩესტერ გარდიანის" ფურცლებზე ასახა.

 


ქალბატონი სნოუდენის [ეთელ ანაკინის] შთაბეჭდილებები


ქალი კორესპონდენტი

ლონდონი, ორშაბათი


„საქართველოს გამოვლილი აქვს ომები თურქებთან, სომხებთან და ბოლშევიკებთან. ფასები კვლავ ძალიან მაღალია და გაცვლითი კურსი მათთვის სახარბიელო არ არის. თუმცა ხალხი იმედით აღსავსე და მიზანმიმართულია. მათ შექმნეს ისეთი რამ, რაც ყველაზე სრულყოფილი სოციალიზმია ევროპაში. მე იქ ვნახე საკუთრებაჩამორთმეული არისტოკრატია, რომელიც ახალ პირობებს ეგუება; შევხვდი ათობით თავადსა და არისტოკრატიის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც შემოსავალს მძღოლად ან კლერკად მუშაობით ან სხვა სამუშაოს შესრულებით შოულობენ და ისინი ამას ამართლებენ. იგივე მიდგომა აქვთ საკუთრებადაკარგულ თავადებს, რომლებსაც შევხვდი. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ ცვლილებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საცხოვრებლად სხვაგან წავიდნენ,“ თქვა ქალბატონმა სნოუდენმა.


„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება ქართველებსა და რუსებს შორის გარეგნულმა სხვაობამ მოახდინა. რუსეთში საყოველთაო გაჭირვების ცქერა აუტანელი იყო. ქართველები ფიზიკურად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე რუსები. ისინი კარგად იკვებებიან და კარგად აცვიათ და, რაც მთავარია, ნამდვილად ბედნიერები ჩანდნენ. მათ სახეებზე შიში არ ეტყობოდათ. სამხედრო წყობის გამო დემონსტრაციები არ ყოფილა.


ქალქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში რომ გადავდიოდით, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჩავდიოდით, ძალიან მეგობრულად გვხვდებოდნენ. საჩუქრად ხილი და ღვინო მოჰქონდათ და - თავიანთი სტუმართმოყვარეობის ტრადიციის შესაბამისად, პურ-მარილი. ჩვენთვის ნაციონალურ ცეკვებს ასრულებდნენ, მაგრამ ყველაფერი ეს სპონტანური და ბუნებრივი იყო.


ის ფაქტი, რომ ბოლშევიკები ამ ხალხში არ არიან გაბატონებული, როგორც ეს აზერბაიჯანელებშია, და ისინი პრაქტიკულადაც და თეორიულადაც ეწინააღმდეგებიან ბოლშევიზმს, სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას უადვილებთ, რაც, მათი უხვი მარაგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი კარგად იკვებებიან.“

 

გაზეთი "მანჩესტერ გარდიანი", 12 ოქტომბერი, 1920

 

 

გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE