ქართული | English |

 

1851-1938


ეკატერინე გაბაშვილი ქ. გორში 1851 წ. 28 ივნისს დაიბადა. მამა, რევაზ თარხნიშვილი (თარხან–მოურავი) სასამართლოს მდივანი, შემდეგში ვექილი იყო. იგი ლიბერალურ თავადაზნაურობას მიეკუთვნოდა.

 

1859 წელს ეკატერინე თბილისში ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, შემდეგ მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში გადაიყვანეს. 1868 წელს ეკ. გაბაშვილი დაბრუნდა გორში, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა–კითხვას. აქვე დაწერა მოთხრობა "სოფლის მასწავლებელი".

 

ალექსანდრე გაბაშვილზე დაქორწინების შემდეგ თბილისში გადავიდა და აქტიურ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ხელმძღვანელობდა ქალთა პროფესიულ სკოლას. სოციალურად შეჭირვებულ გოგონებს პროფესიულ მომზადებასთან ერთად ზოგადი განათლების მიღების მხრივაც ეხმარებოდა.

 

იყო ტფილისის ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელთან ერთად ჟურნალ “ჯეჯილის” დამაარსებელი და აქტიური თანამშრომელი.

 

 

ჩვენს ქალებს


ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი


ყოველს ერს, ყოველ განათლებულ ხალხს, ხალხს ბედნიერსა და თავისუფალს, ჰყავს მთელი რაზმები ქველ-მოქმედთა ქალთა, რომელნიც ხელს უპყრობენ დაუძლურებულებს, გზა-დაბნეულებს გზას უჩვენებენ, უვიცს ცოდნას ასწავებენ, ბრმათ თვალთ უხელენ და, თუ არ სავსებით, შეძლებისა და გვარად მაინც ასრულებენ უდიდესის ქველ-მოქმედის - ქრისტეს მცნებას: „მშიერ ვიყავ და გამაძღე, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ“ და სხვა.


თუ ასეა ბედნიერ და თავისუფალ ერთა შორის, თუ აქ მთელი რაზმნი ქალებისა დაუღალავად ჰშრომობენ და ჰფენენ თვის გარშემო სინათლეს, განა ჩვენ დავრდომილს, აზრ-დაბნეულს, ხელ-ფეხ-შეკრულს ერს უფრო არ ესაჭიროება ამ გვარ ქალთა არსებობა?..


ერთ მუჭა გერმანელთ, თავიანთ ქველ-მოქმედთა ქალთა მეოხებით, ტფილისში აქვთ თავშესაფარი მოხუცთა დედაკაცთა და კაცთათვის, აქვთ სამუშაო სახლი, სადაც გაჭირვებულს აძლევენ სამუშაოს, აქვთ რამდენიმე სკოლა, აქვთ ტანისამოსების საწყობები ზამთარში ტიტველთა შესამოსად, საპყართა სამკურნალო! ამგვარივე დაწესებულება მოეპოვებათ ებრაელთ, ფრანგებს, სომხებს.


ჩვენ, ჩვენ რაღა გვაბადია? ნუ თუ ყოველგან და ყოველთვის სხვის ბოგანოები უნდა ვიყვნეთ, სხვას ხელში უნდა შევყურებდეთ?..


მარტო ჩვენის სათავად აზნაურო სკოლის გამგენი რომ ადგნენ იმ უბედურთა მშობლების შესახებს სიებს, რომელნიც სკოლის კარებს მიადგებიან ხოლმე შემოდგომობით, იმათ შიშველ-ტიტველ შვილების სურათებს რომ ჰხატავენს თავისს ანგარიშების ფურცლებზედ, თმა ყალყზედ შეუდგება ყოველს შეგნებულს ქართველს.


ნუღარას ვიტყვით იმ საცოდავ, განათლებას მოკლებულ ყმაწვილ ქალიშვილებისას, რომელნიც ასობითა და ორასობით დაეძებენ რაიმე საქმეს და ვერც გზა გაუგიათ და ვერც კვალი ამ უდაბურ ქალაქში და ბევრჯერ სასოება-წარკვეთილნი, რომ პატიოსანის შრომით ლუკმა იშოვონ, ქირავდებიან, ისყიდებიან...


ჩვენის დიდ-კაცობისა და შემძლე საზოგადოების წარმოამდგენელნი მანდილოსანნი მთელს თავისს დროს, მთელს თავისს მახვილ-გონიერებას, მთელს თავისს აუარებელს შეძლებას ცუღლუტობასა, პრანჭვა-გრეხვასა, ბანქოს თამაშსა, გრძნობათა ღელვას ანდომებენ და ამ ცალიერის, უსაგნო და უნაყოფო ცხოვრებით არავის, თვით თავიანთ თავსაც და გულსაც, არავითარს კმაყოფილებას არ აძლევენ.


ის არა სჯობიან, სხვა ხალხების წარჩინებულ მანდილოსნებს მიჰბაძონ და ერთი მეასედი თავისი შემოსავლისა შესწირონ საქველ-მოქმედო საქმეს, ერთი მეასედი დრო მოახმარონ მაშვრალთ, ამათის წყლულის დაამებას! განა გაზღომა მშიერისა, გამოზრდა ობლისა, გზის ჩვენება გზა-დაბნეულისა, ხელ-აპყრობა საპყარისა საუკეთესო საზრდო არ იქნება დაცარიელებულის გულისა, იმ გამოფიტულის სულისა, რომელსაც უეჭველია ჰგრძნობს ყოველ ჩვენის უსაქმურის და უშინაარსო, უდედა-აზრო მანდილოსნებისა.


1) ჩვენთვის საჭიროა მოსწავლეთა დამხმარებელ ქალთა საზოგადოება სათავად-აზნაურო სკოლასთან.


2)  საჭიროა დამხმარებელ ქალთა საზოგადოება „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის“.


3)  საჭიროა ქალთა სამუშაო სახელოსნოსთვის.


4) დრამატიული საზოგადოებისთვის და კიდევ ბევრი სხვა საქმისათვის...


დროა ხელი ხელს მივცეთ, დროა ხმა ხმას მივაწოდოთ და საერთო ძალით გავაკეთოთ რამე, გამოვფხიზლდეთ, იდეალი დავსახოთ მისდა მისაღწევად კრებული შევადგინოთ, მხოლოდ იდეალით აღჭურვილ ხალხს აქვს გონება გაბრწყინვალებული, სული განფაქიზებული, გული გალმობიერებული.


მაშ ხელი, ქალნო! ჩავებნეთ საერთო ფერხულში, სავალდებულოდ გავხადოთ წელიწადში რამდენიმე დღე, მხოლოდ რამდენიმე დღე საზოგადო სამსახურს დავუთმოთ, კარგსა და ავს ვუჭირისუფლოთ, ნელა, ნელა, თითო ნაბიჯით, მაგრამ მედგრადა და შეუფერხებლად ვებრძლოთ გარემოებას და.. ხვედრი, ჩვენი სვე ჩვენვე გავიტანოთ.

 

ივერია #100, 15 მაისი, 1898

 


გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE