ქართული | English |

1863- 1948

 

საქართველოს ეროვნული არქივი:


ელისაბედ ჩერქეზიშვილის მოგონება: როგორ დავიწყე მსახიობობა [აუდიო ჩანაწერი]

 

„ელისაბედ ჩერქეზიშვილი“ - (ბიოგრაფიული ცნობები, კარიერა)


ავტორი: დ. კასრაძე


„მეტად მცირე, ისიც რჩეულთა ჯგუფს ჰხვდა წილად ფეხის მომაგრება და თეატრის მძიმე ბედის ჭაპანის წევა. ამ დალოცვილ, მადლიან ჯგუფს ეკუთვნის ჩვენი მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილისაც, რომლის 30 წლის მოღვაწეობას ვდღესასწაულობთ დღეს, ცოცხალი, ცქრიალა ლიზა, დაიბადა სოფელ კოშკაში 1863 წ. 1 გიორგობის თვეს. იგი დედის ერთა გახლდათ და მიტომაც დიდად უყვარდათ მშობლებს, ნათესაობას. თავისი ბავშვობა გაატარა მათთან საირულში, ს. ქვემო ნოქოზი, ზემო ხვედურეთი, კოშკა, თუ ქურთა, აი ის უმთავრესი პუნქტები, სადაც ლიზამ თვისი პატარაობა გაატარა. კუდრაჭა, დაუდგრომელი იგი მთელი სოფლის მოლხენა იყო. აღსანიშნავია, რომ პატარაობაშივე ემჩნეოდა იმიტაციის ნიჭი. შეუძლებელი იყო ვისიმე ახალი მანერა დაენახა ცეკვა-თამაში, რომ მას ხელად არ გადმოეღო, არ გამოეჯავრებინა.


ლიზას მშობლები, მართალია საშუალო შეძლების პატრონები იყვნენ, მაგრამ ბევრი არ უზრუნიათ შვილისთვის კარგი აღზრდა-განათლება მიეცათ. ამისა უმთავრესი მიზეზი გახლდათ ტრადიციული დაუდევრობა და შიში: რო შკოლაში გაიზარდოს, ჩვენ აღარ გემოგვადგებაო, ახლოს აღარ გაგვიკარებსო. მართალია, ერთხელ თითქოს იმედმა გაუშუქა სწავლა-მოწყურებულს ლიზას, გორში გრუშოვის ქალებს მიაბარეს დაწყებით სწავლის მისაღებად, მაგრამ ეს იყო შემთხვევით, ისიც სულ რაღაც ხუთიოდე თვით, რის შემდგომაც მშობლებმა მალე გაანებებინეს თავი და სოფელს დაუბრუნეს, რაც ისწავლე, ისიც გეყოფაო.


გორში ყოფნას ამაოდ არ ჩაუვლია ლიზასთვის. აქ მის ამხანაგად იყო აწ უკვე განსვენებული მარიამ დემურია. მარიამმა ყველაზე ადრიან მიიქცია ყურადღება მის ოხუნჯობას და სიმკვირცხლეს. მეტი არ იქნება ამ დროიდან გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი, ფრიად დამახასიატებელი მისი ბუნებისა და ხასიათის. ლიზას სახლის პატრონს ძაღლი მოუკვდა. ლიზამ მთელი ეზოს ბავშვები შეჰყარა, მომეშველეთ უნდა ძაღლი გავასვენოთო, ძაღლს კისერზე თოკი მოაბა, მეორე წვერი მისცა ბავშვებს და ისე გააწევინა. თითონ აიღო სოფლიდან ჩამოტანილი „ბუზიკა“ და მხაირულად ააჭყვიტინა. მტელი ეზო კვდებოდა სიცილით. მარიამ დემურიაც მხიარულობდა და ლიზას არაჩვეულებრივ საქციელს სულ სხვა მუშტრის თვალით ჰზომავდა.


ლიზას დიდი განათლება მხოლოდ ეს ოთხი თვის მეცადინეობა გახლდათ. ლეკური და ათასგვარი ევროპიული ცეკვა, პოლკა-მაზურკა, მამას დიდად მოჰქონდა თავი. სად რა ქორწილს მოჰკრავდა ყურს, ლიზას იქ აფრენდა. თანაც სულ იმის ფიქრში იყო კარგი ნასწავლი და შეძლებული სიძე ვიშოვოო, მაგრამ ბედმა სულ სხვა გვარად ისურვა. 15 წლის ლიზა, ჯერ კიდევ მოკლე კაბით, თავზე „აბადოკ“ მოუშორებელი უნდა გაჰყოლოდა უსწავლელ თავადს, მაჩაბელს. ლიზას გული ეთანაღრებოდა, ეკლესიაში მზად იყო მღვდლისათვის უარი განეცხადებინა, ამას არ გავყვებიო, მაგრამ ბედს შეურიგდა, გვირგვინი დაიდგა და ცხოვრების ფერხულში ჩაება.


ახალმა ცხოვრებამ ახალი სიო შეიტანა ლიზას ცხოვრებაში. უაღრესად სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც დაქალებშიაც კი ისევ აღტაცებულ ბავშვის უდარდელი ფრთებით დაჰფრენდა, ასეთ ცოლქმრობის კავშირს, თქმა არ უნდა, პირქუში თვალით შეჰხედავდა, მართლაც დედ-მამას სულ იმას აყვედრიდა, ვითომ რაო, ამას რომ მიმათხოვეთ, რა გსურდათ მაგით? რა ოხრად მინდა მაგის ქმრობა, როცა კუტსა ჰგავს, ადამიანთან ლაპარაკი მაგან არ იცის, ხელის ჩამორთმევა, ერთი და მეორეო. ასეთი კონტრასტები უკვე და რამის მომასწავებლად უნდა ჩათვლილიყო: სიცოცხლე და სუიცოცხლოება ერთს ჭურჭელში ვერ მოთავსდებოდა. ოჯახში დაძმარებული ლიზა ხშირად განგებ გაჰკრავდა ხელს და იქ მირბოდა, სადაც ლხინი და თამაშობა იყო, იქ ივიწყებდა თავის დარდს, იქ კვლავ თავს ჰგრძნობდა თავის ტავად, ნამდვილ ლიზიკოდ.


ლიზა 17 წლისა იყო, როდესაც შეეძინა ქალი, ნუცა. ამ გარემოებამ უფრო გაართულა ცოლქმარის დამოკიდებულება. ქმარი უდიერი და ლოთი, გაუტანელი და ოჯახისათვის არას მზრუნველი ბუნებრივს პროტესტს იწვევდა ლიზაში. საბოლოოდ დაჭიმული სიმიც გაწყდა, ლიზა განშორდა ქმარს და ისევ კოშკაში გადავიდა მამასთან. აქ პირველად ამოისუნთქა თავისუფლად, მშობლიურ ჭერმა ნორჩი ყრმობის ფრთები შეასხა.


ს. კოშკაში მისი ცხოვრების ახალ დასაწყისად აღნიშნა, შემთხვევით ამ სოფელს ეწვია აწ უკვე განსვენებული ნიკო ხიზანაშვილი, ცნობილი პუბლიცისტი ურბნელის ფსევდონიმით,.. იგი კოშკაში რამდენიმე დღით დარჩა გამოსაძიებელ საქმეებზე. ლიზას როცა პირველად მოჰკრა თვალი, ფრიად მოეწონა და მაშინვე თვალში ამოიღო ცხოვრების უღელი მასთან ერთად გაეწია. ლიზას იგი რომანტიკოსის სწორ-უპოვარი სიტყვებით შეჰხვდა, გაჰშალა საარშიყო მომაჯადოვებელი ფერადები, ზეციური არსება ღმერთმა შეცდომით ქვეყანაზე მოგავლინაო, თქმა არ უნდა, ვარსკვლავს და ვარდ-ბულბულსაც არ დაივიწყებდა, როგორც სიყვარულის ძველის-ძველ ხელსაწყო იარაღს. გაწითლებული ლიზა მორცხვად მადლობას უხდიდა და თან გულში ინატრიდა, რატომ პირველად მაგას არ შევეყარე, რომ სრული ბედნიერი ვყოფილიყავიო. გამომშვიდობებაც შესაფერისი სახით მოხდა: მივალ კნეინა, უთხრა ნიკომ, მაგრამ მთელი ჩემი სიცოცხლე მოშახამული იქნება უთქვენოდაო.


ლიზას რომალნტიულ ნიადაგს ამიერიდან ახალი ნიადაგი გაეშალა. ერთმა წელიწადმა ტკბილს ოცნებაში გაიარა, ხალისმა უმატა, სიყმაწვილე დაიბრუნა. სოფელ მერეთში გაჰკრა სადაც ისაი ფურცელაძე, ამ სოფლის მემამულე და დღესაც ცნობილი ჩვენი მოღვაწე, ჰმართავდა წარმოდგენებს. მისი ხელმძღვანელობით ლიზამ პირველად ითამაშა 1885 წ. სიკო ცაგარელის „ხანუმაში“, შეასრულა ქაბატოს როლი. ამ დღიდანვე მიიპყრო ლიზამ ყურადღება. შემდეგ გამოიყვანეს „პეპოში“ შუშანიკას როლში. სააგარაკოდ მოსული ინტელიგენცია განცვიფრებაში მოდიოდა ლიზას თამაშით. ამ ქალს თეატრი თვალიტაც არ უნახავს და რომ ნახოს, თქმა არ უნდა, ჩინებული მსახიობი გამოვაო. მართალი იყო, ლიზა თამაშობდა, მაგრამ მისი თამაში იყო ბუნებრივი, თავისებური, როგორც თვითონ მას შეემცნო, რომლის შესწავლა და გაგებაც, სცენის მნიშვნელობაც ისევ იასაიასაგან შეესმა. მერეთში ჩამოსულ ნიკო ხიზანაშვილს (ურბნელს) ფრიად გაეხარდა ლიზას წარმატება, ხელი სთხოვა, ლიზაც დასთანხმდა და თავის პირმშო ქალითურთ გაჰყვა თან.


ლიზამ, როგორც დავინახეთ, მერეთში დაიწყო სცენაზე გამოსვლა და პირველ წლებშიც მხოლოდ აქ ვარჯიშობდა. ისაია ფურცელაძის გარდა მის ნიჭის გაფურჩქვნას ხელი შეუწყო აწ უკვე განსვენებულმა ქეთევან ლუარსაბის ასულმა ჟურულისამ. ეს მანდილოსანი ცნობილი იყო როგორც მოღვაწე ქალი. მის ხელიდან გამოდიოდა ათასი საქველმოქმედო საქმე, უყვარდა ჩვენი ხელოვნება და ყოველისფერით უწყობდა ხელს მის წარმატება-ასაყვავებლად. ლიზა როცა სცენაზე გამოსული დაინახა, მაშნვე თვალი დაადგა, მაგის აქ დარჩენა ცოდვა იქნება, უნდა ქალაქში გაიგზავნოს ციურ ნიჭს გასაფურჩქნადაო. ლიზა შვილსავით უყვარდა. ერთგვარი პროპაგანდის გაწევა დაიწყო დაეთანხმებინა თბილისში წასვლაზე. ლიზამ საბოლოო დასტური დასცა, თუ ჩემი ნიკო და მშობლები უარს არ მეტყვიანო. ეს კი ქეთევანისთვის მეორე ხარისხოვანი საკითხი იყო. აღარ დაუყოვნებია, გამოისტუმრა თბილისისკენ თან წერილი გამოატანა იმ დროს ქართულ თეატრის რეჟისორს ვასილ თუმანიშვილთან, ასეთი და ასეთი ნიჭის პატრონია წერილის მომტანი და ვინძლო კარგად უპატრონოთო. შუამავლობამ გასჭრა, ლიზა კარგად მიიღეს, გამოსაცდელად ხანუმიდან ერთი სცენა წააკითხეს, რაიც ლიზამ თითქმის ზეპირად ჩაიკითხა, რადგან როლი უკვე სოფლადვე ჰქონდა ნასწავლი. რეჟისორს ძლიერ მოეწონა, თვეში 40 მანეთი დაუნიშნა და პირველად სცენაზე გამოიყვანა „ახლანდელ სიყვარულმა“, ნატალიას როლში, 1886 წ. 12 სექტემბერს, მისმა თამაშმა საზოგადო მოწონება გამოიწვია. ყველა მოდიოდა, ულოცავდა.


გამარჯვებულ ლიზას მხოლოდ მშობლები შეხვდნენ უკმეხად, თავს აბეზრებდნენ, როგორ შეიძლება შენი სცენაზე გამოსვლა, ეს უზნეობააო. მაგრამ ლიზამ მათს სურვილების წინააღმდეგ გაილაშქრა, მით უმეტეს, რომ თვით ნიკომ თიონეტიდან (ამ დროს აქ მსახურობდა იგი) პასუხად მოსწერა: „მომწონს აგეთი გარდაწყვეტილება, შენ სცენით და მე ჩემის კალმით ვემსახუროთ სამშობლოს ხელოვნების აღყვავებასო.


მას შემდეგ 30 წელმა განვლო, მაგრამ ლიზას ჩვენი სცენისთვის არ უღალატნია. ბევრი სიტკბოება განუცდევინებია ჩვენი საზოგადოებისთვის. მისი ღვთიური ნიჭი ხელუხლებელი ხალასი ღირებულებაა, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს ცხოვრებას დასტრიალებს, ჩვენს ტიპებს ხორცშესხმულსა ჰყოფს. მას ამ მხრივ ბადალი არავინ ჰყავს. მართალია, ცხოვრებამ მის თავზე კალო მოჰლეწა, ბევრი რამ სიმწარე შეასვა, დაათმენინა რევოლუციის დროს ქმრის ვერგაგული სიკვდილი, უფროს ქალიშვილის დატყვევება, შვილების ავადმყოფობა და მრავალი სხვა, მაგრამ ლიზა ყოველთვის მტკიცედ ადგა თავის გადაწყვეტილებას, ერთხელაც არ შეუხრია წარბი და მკვნესარე გული, თალხით მოსილი სული კისკისა სარტყელ-გულისპირით უჩვენებია სცენაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხალისისა და თავდავიწყების დროს კულისებში გასულიყო და მეორე თვალით ეცრემლნა თავისი ბედი.


ლიზა ჩერქეზიშვილიმა მთელს თვის სიცოცხელში გვაჩვენა ბრძოლა და უზომო სიყვარული ჩვენი უბიწო მელჰომენესადმი. იგი სიხარულისა და სიცოცხლის კულტის მადლიანი ქურუმია, რისთვისაც ჩვენზე ადრე თვითვე დაიწნა ხელთუქნარი დაფნის გვირგვინი“.


საქართველო №25 , 2 თებერვალი 1916

 


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE