ქართული | English |

 

1878-1942


კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.


ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო.  მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".


2013 წლის 29 ნოემბრიდან, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ქალთა ფონდმა საქართველოში" კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა, რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ. 2013 წლის პრემიის  მფლობელი „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი ეკა აღდგომელაშვილი გახდა.

 

 

 

ჩემი სიტყვა, რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა ბ. აკ. ჩხენკელმა ეროვნულ  ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში  


ავტორი: კატო მიქელაძე

 

"მოქალაქენო, საქართველო ისტორიულად არ იყო ჩვეული ქალთა მონობას... ქართველი ხალხის ცოლქმრობა ამხანაგური ხასიათისა იყო, რისიც გამომხატველია, თუ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება არა, ჩვენი უძველესი დედა-ენა, რომელმაც ასეთს კავშირს სახელად მეუღლეობა უწოდა. ქართველი ქალი არც საზოგადო მოღვაწეობას იყო მოწყვეტილი და იმ დროს, როცა ჩვენი გმირი მამა-პაპანი ფარხმალსა ლესდნენ მტრის მოსაგერიებლად ჩვენი ძველი დედები სამოქალაქო ცხოვრებას ჭირისუფლობდნენ. ავრცელებდნენ სწავლა განათლებას, სარწმუნოებას, ექიმობას, აშენებდნენ მტრისაგან აოხრებულ ტაძრებს, ციხე-სიმაგრეებს და სხვა.

 

არც პოლიტიკურ საქმეებს უდგნენ ქართველი ქალები განზე და თავიანთი უნარით და გონიერი მეცადინეობით, არა ერთხელ შეუერთებიათ დანაწილებული კუთხეები საქართველოსა...


 ხმა ქართველი ქალისა №32, 4 დეკემბერი, 1917

 


მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი


ავტორი: რიონელი ქალი (კატო მიქელაძე)


"დღევანდელს მამაკაცთა სოციალისტების უმრავლესობას, რომ კითხოთ, თუ რა აზრით უყურებენ ისენი ქალთა სწორუფლიანობას, ასეთს პასუხს მიიღებთ: «ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს მისი, რომ ქალები სწორუფლიანი იყვნენ ჩვენთან, მხოლოდ გვაშინებს ის მოფიქრება, რომ თავიანთ უფლებით ქალები რეაქციას გააძლიერებენ, რადგან ბუნებრივათ, თუ ისტორიულად ისენი კონსერვატორები არიან»ო...


ეხლანდელს ბოლშევიკების საქციელს, რომ ვაკვირდები, რომლებიც თავიანთ აჟინებულს სურვილებს ვერ იჭერენ, ვერც ქვეყნის დამფხობის საშიშროების წინაშე და ვერც გარეშე მტრის შემოსევის დროს, ვფიქრობ, რომ მოვალეობის შეგნებას ზემო აღნიშნული სოციალისტები კონსერვატიზმს უწოდებენ.


და ამ მხრივ თუ გნებავთ, ქალები, მართლაც რომ კონსერვატორები ვართ. ჩვენ გვძულს და გვეზიზღება სისხლის ღვრა, არა მისთვის, რომ მას ვერ შევძლებთ (ჯერ ისეთი არაფერი არ მოუხდენია მამაკაცს, რაც ქალს არ შესძლებოდეს), არამედ მისთვის, რომ ჩვენს კაცთმოყვარე ბუნებას ის სძაგს... ასეთი ზნეობრივი ანგარიშით იმის თქმა არავის შეუძლია, რომ ქალები მოკლებული ვიყოთ უმაღლეს იდეალს და მხოლოდ დღიურ ჭირვარამზე ვზრუნავდეთ. მხოლოდ როცა ჩვენ ვისახავთ მიზნათ რთულსა და საზოგადო მნიშვნელოვანს საკითხს, ჩვენ გვსურს მისდა განსახორციელებლათ ნიადაგიც მომზადებული იყოს, და როცა ასეთს დავინახავთ, იქ არც თავის განწირვას დავერიდებით...


მაგრამ, რა კონკრეტიული შინაარსის უნდა იყოს დღევანდელი სოციალიზმი, როცა ხალხი არც გონებრივათ, არც ზნეობრივათ და არც შრომის უნარით საამისოთ მომზადებული არ არის. კერძო საკუთრების მარადისობის დამცველნი სოციალიზმს განუხორციელებელ ქიმირათა სთვლიან. ჩვენ შორსა ვართ ასეთი აზრიდან, მაგრამ ამავე დროს შორსა ვართ დღეს დღეობით კომუნის შემოღებიდანაც. და თუ მამაკაცების ერთი ნაწილი, მაინდა მაინც ამას მოითხოვენ, ეს აიხსნება არა მათი რადიკალობით, არამედ მათი სულმოკლეობით. და ამ მხრივ ჩვენ, ქალები ყოველთვის კონსერვატორები დავრჩებით."


გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" # 29, 6 ნოემბერი, 1917

 

 

გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE