ქართული | English |

1859-1910


ნ. გაბუნია-ცაგარელის  ავტობიოგრაფია


"...ერთხელ დავწერე ლექსები და გამოუგზავნე თბილისში დასაბეჭდად ანტონ ფურცელაძეს, გადაეკითხა და რაკი უვარგისად დაენახა, უკანვე გამოეგზავნა და მწერდა, მიზეზი დაუბეჭდაობისა ის არის, რომ ცენზორმა არ გაუშვაო, მეც თავ-გამოდებული ყველას შევჩიოდი, ჩემი ლექსები ცენზორს არ გაუშვია დასაბეჭდად, საწინააღმდეგოდ მიუღია მეთქი. თექვსმეტი წლისა ვიქნებოდი, რომ სცენაზედ გამომიყვანეს, საქველ-მოქმედო წარმოდგენა გამართეს ღრმად პატივ-ცემულ თ. ელიზბარ ერისთავის სახლში ქ. გორში... ამის შემდეგ შემხვდა ანტონ ფურცელაძე კიდევ გორში და მითხრა: პოეტობას თავი დაანებეო, _ სწორედ სასცენო ქალი ხარო... მაგრამ მამაჩემი დიდ უარს აცხადებდა... მაშინ გადავწყვიტე გამოვპარულიყავ და შევასრულე კიდეც, წამოვყე ზაალ მაჩაბელს თბილისში. დაარსდა დასი 1879 წელში...


ყოველ წელიწადს ბენეფისის დროს მე გულდამშვიდებული ვიყავი, რადგან ვიცოდი ჩემი ბენეფისისთვის ასიკოს მომზადებული ექნებოდა ან პიესა ან თხზულება რამე...


მამაჩემი, როგორც ძველი კაცი, ნადიანბეგარი, თეატრს არ სწყალობდა და არც შემრიგებია, ვინემ ჯვარი არ დავიწერე...


თბილისში რამდენიმე სომხის ოჯახშიაც მქონდა დაახლოება. სომხობა უფრო, თუ მეტი არა, არანაკლებ ქართველებზედ დადიოდა ქართულ თეატრში. ყოველთვის ბენეფისის დროს მხურვალე მონაწილეობასაც იღებდნენ. პირველ ბენეფისში სომხის დრამატიულმა საზოგადოებამ ძვირფასის ლენტით ძვირფასი თაიგული მომართვა. პატივცემული დრამატურგი სუნდუკიანცი თავის პიესების რეპეტიციებზედ ხშირად ესწრებოდა. მე და საფაროვის ქალს, ორივეს ერთად ხელს მოგვხვევდა და გვეტყოდა ხოლმე: „ჩემი პიესების სულები თქვენა ხართო“.


ბევრი რამ კარგი და თანაც მწარე გამომივლია სცენაზედ. ჩემთვის ყველაფერს თეატრი, შეადგენდა, ეხლაც ესეა... შეიძლება მე სცენისთვის ჩალად აღარ ვღირდე, მაგრამ იგი კი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი ოჯახი, ჩემი ასიკო, ჩემი სალოცავი, ჩემი სულის დგმა და სხვა, და სხვა... მაღალი ღმერთი ერთია, რომელიც ღრმად მრწამს, როგოც ღმერთი, მაგრამ მრწამს, რომ ძირსაც არიან ღმერთები, რომელნიც ხალხის გულში ძვრებიან, იმათ ნაღველს იგებენ და თვითვე მკურნალებად უჩნდებიან. აი, მე აქ, ძირსაც მყვანან ღმერთები, რომელნიც მისუსტებულს, დატანჯულს, უძლურს, ძალას მაძლევენ სიცოცხლისას."


საქართველოს მოამბე #5, 29 ნოემბერი, 1909


გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE