ქართული | English |

20 თებერვალი, 2014 

 

21 თებერვალს, 6 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალმანახ "ქალები წარსულიდან" და ვებ-პორტალ გენდერმედიატორის პრეზენტაცია გაიმართება.


გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდმა - MDF   პროექტის “ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის” ფარგლებში ჩაატარა ისტორიული კკვლევა, თუ როგორ აშუქებდა XIX-XX საუკუნის ქართული მედია ქალთა საკითხებს.


ალმანახში "ქალები წარსულიდან" შესულია 39 ქალის ისტორია და ის, თუ როგორ აშუქებდა ქართული მედია მათ აქტივობებს, ასევე თავად საზოგადო მოღვაწეთა პუბლიცისტური წერილების ფრაგმენტები. მათ შორის არიან: კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ნატალია აზიანი, თეკლე ბატონიშვილი, მარიამ გარიყული, მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, ბარბარე ჯორჯაძე, მარიამ ივანიშვილი-დემურია, მარო მაყაშვილი, პელაგია ნაცვლიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე, ბარბარე ყიფიანი, ნინუცა ყიფიანი, ჩიტო შარაშიძე და სხვები. გარდა ამისა, გამოცემაში შესულია იმ ევროპელ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში საქართველოს გარკვეული ადგილი ეკავა: კარლა სერენა, მარჯორი უორდროპი, სოფი მენტერი, ეთელ ანაკინი ("მანჩესტერ გარდიანის" პუბლიკაცია ეთელ ანაკინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით).


გამოცემას თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 16 ქალის აუდიო ჩანაწერია თავმოყრილი: მსახიობები - ცაცა ამირეჯიბი, ვერიკო ანჯაფარიძე, ლია ელიავა, ნატო ვაჩნაძე, გოგუცა კუპრაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ წულუკიძე, ცეცილია წუწუნავა, თამარ ჭავჭავაძე; პოეტები - მარიჯანი, ანა კალანდაძე, ბელა ახმადულინა; კომპოზიტორი - ვარინკა წერეთელი; მხატვარი - ელენე ახვლედიანი; ენათმეციერი - ქეთევან ლომთათიძე, მთამსვლელი - ალექსანდრა ჯაფარიძე.

 

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის "გენდერმედიატორი", რომელიც დაეხმარება მოქმედ და მოვალ ჟურნალისტებს გენდერთან დაკავშირებული საკითხები პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ.

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE